გრანტის ნომერი: FR-18-013
სათაური: საქართველოს კარსტული ლანდშაფტების კლასიფიკაცია
დამფინანსებელი:შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
პროექტის დაწყებისა და დამთავრების თარიღები:22.02.2019- 22.06.2022
პროექტის ხელმძღვანელი:ლაშა ასანიძე
ძირითადი პერსონალი:ლაშა ასანიძე: ლევან ტიელიძე; ზაზა ლეჟავა; კუკური წიქარიშვილი; ლელა გადრანი
ანოტაცია
საკითხი ძალზედ აქტუალურია, რადგან კარსტულ-სპელეოლოგიურ ფუნდამენტურ კვლევებს და შესაბამისად მიღებულ სამეცნიერო შედეგებს შეუძლიათ უდიდესი როლი შეასრულონ კარსტული ლანდშაფტის დაცვის კუთხით, მღვიმეების ტურისტული გამოყენების და მათი ეფექტური მართვის თვალსაზრისით, დაცული მღვიმოვანი სისტემების შექმნისათვის, კარსტული წყლების სასმელად გამოყენების თვალსაზრისით, ქვეყნის უსაფრთხოების მიმართულებით, ინტენსიურად დაკარსტულ არეალებში მსხვილი ელექტრო სადგურების მშენებლობების პროცესში და მრავალი სხვა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კარსტული ლანდშაფტის კომპლექსურ კვლევას პრაქტიკულ გამოყენებასთან ერთად, დიდი მეცნიერული მნიშვნელობა აქვს, რამეთუ კარსტის შესწავლის საფუძველზე გარკვეული იქნება, როგორც რეგიონული, ისე ფართო კარსტოლოგიური საკითხები. აღნიშნულიდან გამომდინარე, კვლევის სიახლე იქნება ის, რომ წლების განმავლობაში საქართველოში და უცხოეთში მიღებული ცოდნა-გამოცდილებით, განვახორციელებთ კომპლექსურ სპელეოლოგიურ კვლევებს და ამასთან, საქართველოში შემოვიტანთ და დავნერგავთ დღეისათვის მსოფლიოში აპრობირებულ თანამედროვე კვლევით მეთოდებს და მიდგომებს ამ მიმართულებით, რაც მეცნიერული დონის კიდევ უფრო ამაღლებისა და პროფესიული წინსვლისათვის მეტად მნიშვნელოვანია. პროექტის განმავლობაში, დეტალურად განხორციელდა საქართველოს კარსტული ლანდშაფტის კომპლექსური გეომორფოლოგიური და კარსტულ-სპელეოლოგიური აგეგმვა, რისთვისაც გამოყენებული იყო კლასიკური კარსტული ტერიტორიების შესწავლისათვის დღეისათვის მსოფლიოში აპრობირებული მეთოდები, მათ შორის: კვლევის კარსტულ-სპელეოლოგიური, გეომორფოლოგიური, გეოქიმიური, კარტოგრაფიული, საველე/აგეგმვითი, დისტანციური ზონდირების და მრავალი სხვა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში საქართველოში პირველად განხორციელდა კარსტული არეალების ფოტოგრამმეტრიული აგეგმვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დაკარსტული არეალების მსხვილმასშტაბიანი შესწავლისათვის. საველე სამუშაოების დროს გამოყენებული იყო თანამედროვე უპილოტო საფრენი აპარატი - დრონი - Phantom 4. აღნიშნული დრონის გამოყენებით განხორციელდა სხვადასხვა ტერიტორიის აეროფოტო გადაღებები საშუალოდ 100 მეტრის სიმაღლიდან, რომლის საფუძველზედაც შეიქმნა მაღალი ხარისხის ორთოფოტოები და სამგანზომილებიანი მოდელები. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შედგენილ იქნა საქართველოს კარსტული რუკა (საქართველოს კარსტული და კლასტოკარსტული მასივები - 87 კირქვული და 6 კლასტოკარსტული მასივი), რომელზედაც გამოყოფილია კარსტული და კლასტოკარსტული მასივები. აგრეთვე პროექტის ხელმძღვანელის, კოორდინატორის და ძირითადი პერსონალის უშუალო მონაწილეობით, კომპლექსურ კვლევებზე დაყრდნობით მოხდა მონოგრაფიის შედგენა და გამოცემა, სადაც გაშუქებულია მიგარიას კირქვულ მასივზე განხორციელებული კომპლექსური კარსტულ-სპელეოლოგიური კვლევის შედეგები. განხილულია კარსტგაჩენის პირობები და ფაქტორები, კარსტო და სპელეოგენეზის პრობლემები, ზედაპირული და მიწისქვეშა კარსტული ფორმების ჩასახვისა და ევოლუციის უმთავრესი ნიშნები. პროექტის განხორციელებისას მნიშვნელოვანი გამოცდილება იქნა მიღებული, რამეთუ საქართველოს სხვადასხვა კირქვულ მასივზე განხორციელდა ინტერდისციპლინარული კვლევა, რომელშიც ჩართულნი იყვნენ როგორც ქართველი ისე უცხოელი კვალიფიციური მეცნიერები. შესაბამისად კვლევის პროცესში გამოყენებული იყო კვლევის როგორც კარგად აპრობირებული, ისე უახლესი მეთოდები და ხელსაწყოები. ამდენად, ვფიქრობ, რომ ინტერინსტიტუციონალური საერთაშორისო თანამშრომლობა რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, მნიშვნელოვანია მომავალი კვლევების კიდევ უფრო გაფართოებისათვის.